234 44 62 599 36 11 87

ისტორია

ზურაბ მარშანია

სამი წელია ჩვენი საზოგადოება რაც დაფუძნდა. ამ ხნის განმავლობაშიც ბევრის მიღწევა მოვახერხეთ. უპირველეს ყოვლისა მივიღეთ ევროპის სამედიცინო სექსოლოგიის საზოგადოებასთან ასოცირებული ეროვნული საზოგადოების სტატუსი, რის შედეგადაც, მათთვის ვინც საქართველოს სამედიცინო სექსოლოგიის საზოგადოების მეშვეობით ევროპის სამედიცინო სექსოლოგიის საზოგადოებაში გაწევრიანდა (ჩვენ საბანკო ანგარიშზე ყოველწლიურად 50 ევროსა და 20 ლარის შეტანის შემდეგ), რეალური გახდა ევროპის სამედიცინო სექსოლოგიის საზოგადოებისაგან ყოველწლიური სამგზავრო გრანტის (800 ევროს ოდენობით) მიღება და საერთაშორისო კონგრესებზე შეღავათიანი პირობებით გამგზავრება.

ბევრმა ჩვენმა კოლეგამ 2013, 2014 და 2015 წლებში უკვე ისარგებლა საქართველოს სამედიცინო სექსოლოგიის საზოგადოებისათვის განკუთვნილი ევროპის სამედიცინო სექსოლოგიის საზოგადოების ზემოთ აღნიშნული სამგზავრო გრანტებით და მიიღო მონაწილეობა სტამბოლში, კოპენჰაგენსა და მადრიდში გამართული საერთაშორისო კონგრესების მუშაობაში. 2017 წლის ევროპის სამედიცინო სექსოლოგიის კონგრესი საფრანგეთის „ლაჟვარდოვანი სანაპიროს“ ულამაზეს ქალაქ ნიცაში ჩატარდება.

2013 წელს ქ.თბილისში ჩავატარეთ ჩვენი საზოგადოების პირველი სამეცნიერო კონფერენცია, რომელსაც მრავალი ქართველი ექიმი დაესწრო.

2015 წელს კი, ასევე ქ.თბილისში, პირველად საქართველოს ისტორიაში, ჩვენი საზოგადოების მიერ ორგანიზებული იქნა საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესი: „შავი ზღვის განზომილება კლინიკურ სექსოლოგიაში“.

ის ფაქტი, რომ ჩვენი საზოგადოება კლინიკური სექსოლოგიის პრობლემებზეა ორიენტირებული, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენს რიგებში მხოლოდ ექიმი-სექსოლოგები ერთიანდებიან. ჩვენი კარი ასევე ღიაა ყველასთვის, ვინც ზემოთ აღნიშნული სფეროს მიღწევებითა და სამეცნიერო კვლევებითაა დაინტერესებული. ექიმ-სექსოლოგებთან ერთად მივესალმებით ახალგაზრდა ექიმებს, დოქტორანტებს, მაგისტრანტებსა და სტუდენტებს, რომლებსაც ფსიქიატრიაში, გინეკოლოგიაში, უროლოგიაში, ენდოკრინოლოგიაში, ნევროლოგიასა თუ ანგიოლოგიაში მუშაობა სურთ. ასევე მზად ვართ ჩვენი კარი გავუღოთ კლინიკური სექსოლოგიის საკითხებით დაინტერესებულ ფსიქოლოგებს.

გისურვებთ წარმატებებს და გამოვთქვამ იმედს, რომ ჩვენი თანამშრომლობა პროდუქტიული იქნება.